პატრიარქი და სამთავროს დედათა მონასტერი  

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ჩვენი პატრიარქი

1977 წელს, როდესაც საპატრიარქო ტახტზე უწმიდესი და უნეტარესი ილია II  აღსაყდრდა, საქართველოში 48 ეკლესია მოქმედებდა, ქვეყანაში 40-მდე სასულიერო პირი მოღვაწეობდა; ეკლესიური ცხოვრება ე.წ. ”იატაკქვეშეთში” მიმდინარეობდა; საქართველოს მართლმადიდებლურ სამოციქულო ეკლესიას კი თავისუფლება წართმეული ჰქონდა...სამი ათეული წელიწადი საპატრიარქო ტახტზე საუკუნეთა მიჯნაზე და კომუნისტური მარწუხებიდან გათავისუფლებული, დაქუცმაცებული ქვეყნის შვილების წინამძღვრობა დააკისრა ღვთის განგებამ უწმიდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II.


ძნელია ჩამოთვალო თუ რა გაკეთდა უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში საქართველოს ეკლესიაში, რადგან ყველაფერი, რაც დღეს სახეზეა, უკანასკნელი ათწლეულების მონაპოვარია. მანამდე იბრძოდნენ არსებულის შესანარჩუნებლად, აღორძინებისთვის ხილული და უხილავი ბრძოლა კი გასული საუკუნის 70–იანი წლების მიწურულს დაიწყო... 

ბავშვობა

     

საქართველოს მომავალი კათოლიკოს-პატრიარქი ილია II (ერისკაცობაში ირაკლი) ღუდუშაური-შიოლაშვილი 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში, გიორგი სიმონის ძე ღუდუშაური-შიოლაშვილისა და ნატალია იოსების ასულ კობაიძის კეთილმორწმუნე ოჯახში დაიბადა. ”ჩვენი ოჯახი სულიერი იყო, ძალიან მშვიდი, ოჯახში არ გამიგონია ხმამაღალი სიტყვა არც დედის, არც მამის, ჩვენ არ ვიცოდით, რა იყო დაყვირება. ასე გავიზარდე. გვქონდა მოწესრიგებული ცხოვრება. შაბათ საღამოს და კვირა დილით მივდიოდით ეკლესიაში, წინა დღეებში ვემზადებოდით ამისთვის, დედა გვაცმევდა სუფთა ტანსაცმელს, შაბათს აკეთებდა საჭმელს, რომ კვირას, ეკლესიიდან დაბრუნებულებს, ყველაფერი გამზადებული დაგვხვედროდა, შაბათ საღამოს მამა დაგვაყენებდა ხოლმე ხატების წინა (კარგი კუთხე გვქონდა ხატებისა, ორი იქაური ხატი ახლაც აქა მაქვს), მამა ზეპირად ამბობდა მთელს ლოცვებს, ერთ-ერთ ჩვენგანს კი ავალებდა, 90-ე ფსალმუნის წაკითხვას. ლოცვის შემდეგ იგი ნაკურთხ წყალს გვასხურებდა და ბავშვებს დასაძინებლად გვიშვებდა”, - ასე იგონებს ბავშვობას უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II.


1927 წელს ოჯახი ხევიდან დროებით საცხოვრებლად ქალაქ ვლადიკავკაზში გადავიდა. გიორგი ღუდუშაურის ოჯახთან ბევრ სასულიერო პირს ჰქონდა ურთიერთობა, მათ შორის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს კალისტრატე ცინცაძეს. პატრიარქი სწორედ მათი ოჯახის საშუალებით ამყარებდა ურთიერთობას ვლადიკავაზში მცხოვრებ ქართველებთან. საქართველოს მომავალი პატრიარქი სასულიერო პირების გარემოცვაში იზრდებოდა. ”ჩემი ბავშვობა დაემთხვა საქართველოს ეკლესიისთვის მეტად მძიმე პერიოდს. სამღვდელოება იდევნებოდა. ეკლესიები იხურებოდა. ხალხს წირვა-ლოცვაზე დასწრების ეშინოდა. ჩვენ სახლს ხშირად აფარებდნენ თავს დევნილი სასულიერო პირები, თვეობით რჩებოდნენ ისინი ჩვენთან და წარუშლელ კვალს ტოვებდნენ პირადად ჩემს აზროვნებასა და ბუნებაზე”. 


ვლადიკავკაზის ქართული ეკლესია მაშინ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის იურისდიქციაში შედიოდა. ქრისტეშობას სწორედ ამ ტაძარში მონათლეს სამი დღის ახალშობილი და ყრმას, მეფე ერეკლეს პატივსაცემად, ირაკლი დაარქვეს. იგი შიოლაშვილთა ოჯახში მეშვიდე შვილი  იყო.


ჩვილი ირაკლი კათოლიკოს-პატრიარქ კირიონის ყოფილმა მდივანმა, არქიმანდრიტმა ტარასიმ (კანდელაკი) მონათლა, ნათლია კი  მონოზონი ზოილე (დვალიშვილი) იყო. არქიმანდრიტი ტარასი შემდეგში ხელდასხმულ იქნა წილკნის ეპისკოპოსად. იგი დაკრძალულია სვეტიცხოვლის ეზოში. მონოზონი ზოილე კი ჯერ ბედიის, ხოლო შემდეგ, მცხეთის სამთავროს დედათა მონასტერს წინამძღვრობდა; დედა ზოილეს ხშირად დაჰყავდა ნათლული სამთავროს მონასტერში. ღვთის განგებით, აქ შეხვდა ერთმანეთს საქართველოს ორი პატრიარქი - კალისტრატე ცინცაძე და სამი წლის ირაკლი შიოლაშვილი-ღუდუშაური.


კეთილმორწმუნე ოჯახში გამორჩეულად და განსაკუთრებით აღნიშნავდნენ აღდგომასა და შობას. უწმიდესი და უნეტარესი იგონებს: ”აღდგომა და შობა ჩვენი ოჯახისათვის უმთავრესი დღესასწაული იყო. მთელი ოჯახი სიხარულით ემზადებოდა მათ შესახვედრად, განსაკუთრებით ეს აღდგომას ეხებოდა. ძალიან მკაცრად ვინახავდით მარხვას. აღდგომიდან ერთი კვირის განმავლობაში კი, ჩვენთან დღე და ღამ გაშლილი იყო მაგიდა,  ჩვენთან ძალიან ბევრი სტუმარი მოდიოდა. დიდი ზეიმი და გალობა იყო. სტუმართა შორის განსაკუთრებით ბევრი მოდიოდა მათხოვარი. მამაჩემი განსაკუთრებით ზრუნავდა, რომ ამ დღეს გაჭირვებულები და უპოვარები ყოფილიყვნენ ჩვენს ოჯახში, რათა დაგვეპურებინა და გვემასპინძლა მათთვის. მათაც ძალიან უხაროდათ ჩვენთან მოსვლა”.

სტუდენტობა

     
 


ირაკლი შიოლაშვილმა 1952 წელს ვლადიკავკაზის 22-ე საშუალო სკოლის  დამთავრების შემდეგ სწავლა მოსკოვის სასულიერო სემინარიაში განაგრძო. სასულიერო სემინარია პირველი ხარისხის დიპლომით დაამთავრა და როგორც საუკეთესო სტუდენტი, სასულიერო აკადემიის პირველ კურსზე ჩაირიცხა.

24 წლის ასაკში 1957 წლის 16 აპრილს, კათოლიკოს-პატრიარქ მელქისედეკ III ლოცვა-კურთხევით, თბილისის ალექსანდრე ნეველის ტაძარში სასულიერო აკადემიის II კურსის სტუდენტი ბერად აღკვეცეს, ილიას სახელით. აღკვეცის საიდუმლო  ეპისკოპოსმა ზინობიმ (მაჟუგა) შეასრულა.


”იმ პერიოდის ახალგაზრდებს შორის პირველი ბერი ვიყავი, 24 წლის. იმ დროს ქართველთაგან არავინ აღკვეცილა ბერად და რა თქმა უნდა, ეს ჩემთვის ძალიან მძიმე იყო. ჩემი აღკვეცა მოხდა აღდგომამდე, ვნების შვიდეულის სამშაბათს. ხუთშაბათს კი უკვე უნდა მომხდარიყო ჩემი დიაკვნად კურთხევა სიონის საპატრიარქო ტაძარში. აღკვეცისას ერთ-ერთმა მონოზონმა - დედა თეოფალიამ თავისი მანტია გადამაფარა. მახსოვს, როდესაც აღკვეცის შემდეგ მეუფე ზინობმა უწმიდეს მელქისედეკთან მიმიყვანა, უკვე შემოსილი, პატრიარქი სიხარულს ვერ მალავდა, ასე მითხრა: ”შენისთანა ათი რომ მყავდეს, ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ იქნებოდაო”.


იმავე 1957 წლის 18 აპრილს სიონის საპატრიარქო ტაძარში ბერი ილია ხელდასხმულ იქნა ბერ-დიაკვნად, ხოლო 1959 წლის 10 მაისს წმიდა სერგის მონასტრის ლავრაში მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის, უწმიდესი ალექსი II-ის მიერ -  მღვდელ-მონოზვნად.

გზა პატრიარქობამდე

   
 


1963 წელს, ხრუშჩოვის მმართველობის პერიოდში, როცა რუსეთში ხუთი სემინარია, მრავალი ტაძარი და მონასტერი დაიხურა, უწმიდესმა და უნეტარესმა ეფრემ II-მ მოახერხა საქართველოში გაეხსნა სასულიერო სასწავლებელი, რომელსაც მეტი სიფრთხილისათვის ”საღვთისმეტყველო კურსები” დაარქვეს. მის პირველ დირექტორად დაინიშნა არქიმანდრიტი ილია.


1963 წლის 26 აგვისტოს, კათოლიკოს-პატრიარქ ეფრემ II-ის მიერ საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავართა თანამწირველობით არქიმანდრიტი ილია ხელდასხმულ იქნა ბათუმ-შემოქმედელ ეპისკოპოსად და დაინიშნა პატრიარქის ქორეპისკოპოსად.


აჭარაში შვიდი წლის მოღვაწეობის შემდეგ პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, 1967 წელს იგი ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსად გადაიყვანეს. 1969 წელს აღყვანილ იქნა მიტროპოლიტის ხარისხში. მიტროპოლიტმა ილიამ სოხუმში 11 წელიწადი იმსახურა. ამავდროულად იგი იღვწოდა ქართული ეკლესიის მღვდელმსახურთა ახალი კადრების მოსამზადებლად, იყო სასულიერო სემინარიის პირველი რექტორი (1963-1972 წლებში).


1977 წელს გარდაიცვალა უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დავით V (დევდარიანი). 1977 წლის 9 ნოემბერს, წმიდა სინოდის განჩინებით, პატრიარქის მოსაყდრე გახდა ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია.


1977 წლის 23 დეკემბერს თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში გამართულმა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის მე-12 საეკლესიო კრებამ განიხილა ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის საკითხი და ერთხმად იქნა არჩეული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად და ეწოდა ილია II (ილია I საქართველოს ეკლესიას მართავდა 390-400 წლებში).


1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შესრულდა ახალი კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II აღსაყდრება.


”ვიდრე ვცოცხლობ, მუდამ ჩემს თვალწინ იქნება ის უხილავი და მაინც ხილული ტახტი, რომელზეც მეუფის ძლიერმა მარჯვენამ ამიყვანა. ჩემს გულზე წარუშლელად წერია ის მოვალეობანი, რომელნიც მისმა უსაზღვრო მოწყალებამ დამაკისრა”, - ბრძანა აღსაყდრებისას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.

საპატრიარქო ტახტზე

     


ზრუნვა ერის სულიერი წინსვლისთვის თავიდანვე სხვადასხვა მიმართულებით წარიმართა. მას შემდეგ, რაც მისი უწმიდესობის თაოსნობით სასულიერო სემინარია მცხეთიდან თბილისში გადაიტანეს  (1988 წელს), დაარსდა თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია. საუკუნეთა შემდეგ კვლავ აღდგა გელათის სასულიერო და მეცნიერებათა აკადემიები; საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გაიხსნა სასულიერო სასწავლებლები, გიმნაზიები, სხვადასხვა საერო უნივერსიტეტში დაარსდა საღვთისმეტყველო კათედრები, სადაც ლექციებს თბილისის სასულიერო აკადემიის კურსდამთავრებულნი კითხულობენ.


უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II, პირველმა ქვეყნის იერარქებს შორის, მოინახულა საუკუნეთა განმავლობაში სამშობლოს მოწყვეტილი ფერეიდნელი ქართველები;  აქტიური ურთიერთობა დაამყარა თურქეთში, საინგილოსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ ქართველებთან.


მისი უწმიდესობის ლოცვა-კურთხევითა და პატრონაჟით მაუწყებლობს საქართველოს საპატრიარქოს რადიო ”ივერია” (2001 წლიდან) და ტელეკომპანია ”ერთსულოვნება”; ასევე საქართველოს პატრიარქის ინიციატივით გაიხსნა ახალგაზრდობის სულიერებისა და კულტურის ცენტრი, სადაც ყოველდღიურად იმართება სხვადასხვა ხასიათის ლექციები; დაარსდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ფონდი, რომელიც ეხმარება საქველმოქმედო აქციებს, კონფერენციებს, ფესტივალებს; დაარსდა გალობის უმაღლესი სკოლა. მისი უწმიდესობის ლოცვა-კურთხევითა და ღვაწლით თბილისში აშენდა და 2004 წლის 23 ნოემბერს იკურთხა წმინდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარი, როგორც ქართველი ერის ღვთისაგან სინანულით მოქცევის სიმბოლო. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია: 2002 წლის 14 ოქტომბერს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის დაიდო საკონსტიტუციო შეთანხმება, რითაც განისაღზვრა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ადგილი ქვეყნის ცხოვრებაში. უწმიდესისა და უნეტარესის ილია II მოღვაწეობის პერიოდში საქართველოს ეკლესიის წმიდანთა დასს მრავალი წმიდანი შეემატა. მათ შორის: წმიდა ილია მართალი, წმიდა მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძე, წმიდა ალექსი ბერი (შუშანია), წმიდა მღვდელმთავარი გაბრიელ ქიქოძე, ბეთანიელი მამები: წმიდა იოანე მაისურაძე, წმიდა გიორგი-იოანე მხეიძე; წმიდა მეფე ვახტანგ გორგასალი და მრავალი სხვა საქართველოს ზეციური მფარველი. 

განვლილი წლების უპირველესი მონაპოვარი კი საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობაა - 1990 წელს აღდგა ისტორიული სამართლიანობა და სრულიად მართლმადიდებელმა სამყარომ სცნო საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალია. დღეისათვის საქართველოს ეკლესია 40-მდე ეპარქიას აერთიანებს (მათ შორის, აღდგენილ ტაო-კლარჯეთის ისტორიულ ეპარქიასა და ახალ - დასავლეთ ევროპის მიტროპოლიას).


დღეისათვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II საერთაშორისო ავტორიტეტით სარგებლობს; იგი დაჯილდოებულია მსოფლიოს საპატრიარქოს, იერუსალიმის, ალექსანდრიის, რუსეთის, ბულგარეთის, სერბეთისა და თითქმის ყველა მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდოებით; ნიუ-იორკის სასულიერო აკადემიამ მას ღვთისმეტყველების დოქტორის წოდება მიანიჭა. 

გამოყენებულია მასალები ისტორიკოს
სერგო ვარდოსანიძის წიგნიდან

 
 
2024 © Samtavro.Ge.All Rights Reserved. Created by: Proservice