წმინდა ექვთიმე აღმსარებელი  

მონასტრის სულიერი მოძღვარი 1920-იან წლებში.


წმინდა ექვთიმე აღმსარებელი – ერისკაცობაში ესტატე კერესელიძე, დაიბადა 1865 წელს რაჭაში. 1880 წელს თბილისში ჩავიდა და მორწმუნე ახალგაზრდებთან ერთად, მოსახლეობაში სარწმუნოების განმტკიცებისა და ძველი ქართული საეკლესიო გალობის შესწავლა-გავრცელების მიზნით, უფასო "საღმრთო წიგნთსაკითხავი" დააარსა. მოგვიანებით, ილია ჭავჭავაძის შუამდგომლობით, ამ ახალგაზრდებმა სტამბა შეიძინეს, სადაც ბეჭდავდნენ და ავრცელებდნენ საღმრთო წიგნებს. 1912 წლიდან ესტატე კერესელიძე იმერეთის ეპისკოპოსის, გიორგი ალადაშვილის, კურთხევით მორჩილად განწესდა გელათის მონასტერში. იმავე წელს იგი ღირსი ექვთიმე მთაწმინდელის სახელით ბერად აღკვეცა იღუმენმა ანთიმოზმა. 1917 წელს კი მამა ექვთიმე იმერეთის ეპისკოპოსმა გიორგიმ მღვდელ-მონაზვნად აკურთხა. 1923 წელს ბოლშევიკურმა მთავრობამ გელათის მონასტერი გააუქმა. მამა ექვთიმემ უძველეს ქართულ საგალობელთა ხელნაწერი კრებულები დაღუპვას გადაარჩინა. 1924 წელს მცხეთაში ფარულად გადაზიდა და სვეტიცხოვლის ტაძრის წიგნთსაცავში გადამალა. იქვე მიაკვლია მან ძლისპირთა უძველეს კრებულს და ეს საგალობლებიც სანოტო სისტემაზე გადმოიტანა.


1926 წელს მამა ექვთიმეს იღუმენის წოდება მიენიჭა. ამ პერიოდში სამთავროს დედათა მონასტრის სულიერი მოძღვარი იყო. 1932 წლის ნოემბრიდან მამა ექვთიმე ზედაზნის მონასტერში გადავიდა. მოხუც მოღვაწეზე მისი სულიერი შვილები - სამთავროს დედათა მონასტრის მონაზვნები ზრუნავდნენ. იღუმენი ექვთიმე კერესელიძე 1944 წელს გარდაიცვალა. დაკრძალულია ზედაზნის მონასტრის ეზოში. მისი უმდიდრესი ბიბლიოთეკის ნაწილი სამთავროს მონასტერში გადაიტანეს. მონასტერში ახლაც ინახება მამა ექვთიმეს მიერ შესრულებული რამდენიმე ხელნაწერი.

2003 წლის 18 აგვისტოს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის სინოდმა წმინდანად შერაცხა იღუმენი ექვთიმე კერესელიძე, რომელსაც სახელად ექვთიმე აღმსარებელი ეწოდა. მისი ხსენების დღედ დადგინდა ორი თებერვალი.

წილკნელი მიტროპოლიტი ზოსიმე


მონასტრის სულიერი მოძღვარი 1993 წელს. 

მიტროპოლიტი ზოსიმე - ერისკაცობაში შოთა შიოშვილი - დაიბადა 1951 წლის 3 აგვისტოს თბილისში. 1974-1977 წლებში სწავლობდა მცხეთის სასულიერო სემინარიაში. 1974 წლის ოქტომბერში დაინიშნა სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრის კანცელარიის მდივნად. 1976 წლის 20 ივნისს უწმინდესმა და უნეტარესმა დავით V-მ (დევდარიანი) დიაკვნად აკურთხა და სახელად ანტონი უწოდა. 1977 წლის 12 ივლისს აკურთხეს მღვდლად და დანიშნეს სვეტიცხოვლის საპატრიარქოს ტაძრის მღვდელმსახურად. 1979 წელს დაჯილდოვდა ოქროს ჯვრით და მიენიჭა დეკანოზის წოდება. 1981 წლის 10 ოქტომბერს აღიკვეცა ბერად და სახელად ზოსიმე ეწოდა, 14 ოქტომბერს კი მიენიჭა არქიმანდრიტის წოდება. 1983 წლის 14 ოქტომბერს ხელდასხმულ იქნა ეპისკოპოსად და განამწესეს ჭყონდიდის ეპარქიის მმართველად. 1984 წლის 10 ივლისიდან წილკნის ეპისკოპოსია. 1993 წელს დაინიშნა სამთავროს დედათა მონასტრის სულიერ მოძღვრად. 1996 წლის 25 დეკემბერს მიენიჭა მთავარეპისკოპოსის წოდება.  2009 წელს კი აღყვანილ იქნა მიტროპოლიტის ხარისხში.

ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი დანიელი


მონასტრის სულიერი მოძღვარი 1987-1991 წლებში. 

ერისკაცობაში დავით დათუაშვილი დაიბადა თბილისში 1955 წლის 29 მაისს. 1997 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის კინომცოდნეობის ფაკულტეტი. 1979 წლიდან მუშაობდა საპატრიარქოს გამომცემლობაში. 1984-1987 წლებში სწავლობდა მცხეთის სასულიერო სემინარიაში. 1983 წელს აკურთხეს დიაკვნად, ხოლო 1985 წელს - მღვდლად. მღვდლად კურთხევის შემდეგ სიონის საკათედრო ტაძარშია. 1987 წლიდან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის მიერ დაინიშნა სამთავროს წმინდა ნინოს დედათა მონასტრის სულიერ მოძღვრად.


1989 წელს მღვდელი დავითი აყვანილ იქნა დეკანოზის ხარისხში. 1990 წელს - აღიკვეცა ბერად და ეწოდა სახელად დანიელი. უწმინდესისა და უნეტარესის ლოცვა-კურთხევით არქიმანდრიტი დანიელი ინიშნება სვეტიცხოვლის მამათა მონასტრის წინამძღვრად (იგი უკვე ორივე მონასტრის სულიერი მოძღვარი ხდება). 1992 წლის 22 მაისს ხელდასხმულ იქნა ეპისკოპოსად და დაინიშნა ბოდბის ეპარქიის მმართველად. ამავე წლიდან ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის მმართველია.


1993 წლის 14 ოქტომბერს მიენიჭა მთავარეპისკოპოსის, ხოლო 2000 წელს მიტროპოლიტის ხარისხი. 1995 წლის 5 აპრილიდან 1998 წლის 1 ოქტომბრამდე დროებით განაგებდა ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიას. 2000-2002 წლებში - მარგვეთისა და უბისის, ხოლო 2002 წლის 17 ოქტომბრიდან ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიას. მიტროპოლიტი დანიელი ეწეოდა აგრეთვე პედაგოგიურ მოღვაწეობას მცხეთის სასულიერო სემინარიასა და თბილისის სასულიერო აკადემიაში. იყო ხულოს სასულიერო აკადემიის რექტორი.

შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები


მონასტრის სულიერი მოძღვარი 1991-1992 წლებში.

მიტროპოლიტი იოსები - ერისკაცობაში გიორგი კიკვაძე  დაიბადა 1959 წლის 17 სექტემბერს ჩოხატაურის რაიონის სოფელ ზემო ფარცხმაში.

1978 წელს დაამთავრა თბილისის იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი, შემდეგ - სამხატვრო აკადემია. 1989 წელს სწავლა გააგრძელა თბილისის სასულიერო აკადემიაში. 1991 წლის 16 მაისს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში აღიკვეცა ბერად; 23 მაისს აკურთხეს დიაკვნად. ამავე წლის 3 ნოემბერს სიონის საკათედრო ტაძარში აკურთხეს მღვდლად და დანიშნეს სამთავროს წმინდა ნინოს დედათა მონასტრის სულიერ მოძღვრად. 1992 წელს გადაიყვანეს მარტყოფის მამათა მონასტრის წინამძღვრად და დააჯილდოვეს ოქროს ჯვრით. 1993 წელს აყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში და განამწესეს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის წინამძღვრად. 1995 წლის 7 აპრილს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ არქიმანდრიტ იოსებს ხელი დაასხა ეპისკოპოსად და აკურთხა შემოქმედის ეპარქიის მღვდელმთავრად. 2000 წელს ეკლესიაში ერთგული და ნაყოფიერი სამსახურისთვის მიენიჭა მთავარეპისკოპოსის მაღალი ხარისხი. მისი ძალისხმევით ეპარქიაში მოქმედებს სამი სასულიერო სასწავლებელი, წმინდა ნინოს სახელობის გიმნაზია, იოანე ნათლისმცემლის  სახელობის გიმნაზია. ამჟამად ეპარქიაში ხუთ ათეულამდე მოქმედი ტაძარია.

არქიმანდრიტი საბა

მონასტრის სულიერი მოძღვარი 1994-1997 წლებში.

არქიმანდრიტი საბა - ერისკაცობაში გიორგი კუჭავა, დაიბადა 1959 წელს ფოთში.

1989 წლიდან ეკლესიის მრევლია. 1990-1994 წლებში სწავლობდა თბილისის სასულიერო აკადემიაში. ზაფხულობით მორჩილებას გადიოდა სვეტიცხოვლის საკათედრო ტა- ძარში. 1993 წლის 10 აპრილს არქიმანდრიტმა იოსებმა (კიკვაძე) ბერად აღკვეცა და სახელად უწოდა საბა. 1993 წლის 13 ივლისს უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ აკურთხა დიაკვნად. 1994 წლის 30 იანვარს ხელდასხმულ იქნა მღვდლად და დაინიშნა სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახურად. პარალელურად იყო სამთავროს დედათა მონასტრის სულიერი მოძღვარი და მწირველი. 1997 წლის 23 მაისს დაინიშნა მარტყოფის მამათა მონასტრის წინამძღვრად და დაჯილდოვდა ოქროს ჯვრით, ენქერითა და იღუმენის წოდებით. 1997 წლის 3 სექტემბერს დაინიშნა ბეთანიის მამათა მონასტრის წინამძღვრად. 2002 წლის 13 ივლისს მიენიჭა არქიმანდრიტის წოდება და დაჯილდოვდა გამშვენიერებული ჯვრითა და მიტრის ტარების უფლებით. 2002 წლის შემოდგომიდან ინიშნება ზედაზნის, ბედიანისა და მახათას მთის მამათა მონასტრების წინამძღვრად.

არქიმანდრიტი მიქაელი


მონასტრის სულიერი მოძღვარი 1997–2007 წლებში. 

არქიმანდრიტი მიქაელი - ერისკაცობაში მამუკა გაბრიჭიძე, დაიბადა 1966 წლის 25 იანვარს ქალაქ ჭიათურაში.

1993 წელს ცხუმ-აფხაზეთის მთავარეპისკოპოსმა, ამჟამად მიტროპოლიტმა დანიელმა, აკურთხა მორჩილად სოხუმში. აფხაზეთის ომის დროს მონაწილეობდა მეომრების მონათვლაში, დაჭრილები გამოჰყავდა ბრძოლის ველიდან. 1994 წლის 2 აპრილს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში აღიკვეცა ბერად. იმავე წლის მაისის ბოლოს წარგზავნეს ფოკის მამათა მონასტრის წინამძღვრად და დედათა მონასტრის სულიერ მოძღვრად. 1997 წლის 22 მაისს, წმინდა შიო მღვიმელის ხსენების დღეს, დაჯილდოვდა გამშვენიერებული ჯვრით, 23 მაისს კი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ აიყვანა არქიმანდრიტის ხარისხში. დაინიშნა შიომღვიმის მამათა მონასტრის წინამძღვრად, სამთავროს წმინდა ნინოს დედათა მონასტრისა და ახლად აღდგენილი წმინდა სტეფანე პირველმოწამის (ანტიოქიის) დედათა მონასტრის სულიერ მოძღვრად. 

 

არქიმანდრიტი ისააკი

მონასტრის სულიერი მოძღვარი 2007-2008 წლებში.

არქიმანდრიტი ლაზარე


მონასტრის მოძღვარი 2008 წლიდან. 

არქიმანდრიტი ლაზარე - ერისკაცობაში ჯუმბერ გაგნიძე, დაიბადა 1937 წელს.

1992 წლის 14 ოქტომბერს საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ აკურთხა დიაკვნად. მოღვაწეობდა ჯერ სამთავროს დედათა მონასტერში, შემდეგ კი - სვეტიცხოველში. 1995 წლის 1 ივნისს ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა დანიელმა (დათუაშვილი) ფოკაში აკურთხა მღვდლად და დაინიშნა ძეგვის წმინდა სამების ეკლესიაში. 1996 წლიდან მსახურებს ქაშვეთის წმინდა გიორგის ტაძარში. 1998 წელს უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით. 2001 წელს აღიკვეცა ბერად და სახელად ლაზარე უწოდეს. ამავე დღეს მიენიჭა იღუმენის წოდება.

1998 წლიდან დაინიშნა სამთავროს წმინდა ნინოს დედათა მონასტერში მწირველ მღვდლად. 2007 წლის 25 თებერვალს აყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში. 2008 წლიდან კი უწმიდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატღიარქის ილია II ლოცვა-კურთხევით დაინიშნა სამთავროს დედათა მონასტრის სულიერ მოძღვრად.



 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 
2024 © Samtavro.Ge.All Rights Reserved. Created by: Proservice